2015-03-20

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებისთვის  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და პოტენციალი.“ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე. უნივერსიტეტი მზად არის მსგავსი შეხვედრები პერიოდულად მოეწყოს, რადგან სტუდენტების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია. ლექცია საკმაოდ საინტერესო გამოვიდა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ძალიან მარტივი ენით ისაუბრა საკმაოდ რთულ პრობლემებზე. საინტერესო იყო თავად სტუდენტების კითხვებიც.“
"სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუცილებელია,“ - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო წლბში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკაზე, მიზეზებზე, ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკაზე, ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე ისაუბრა; მოიყვანა მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან; ყურადღება გაამახვილა ქართულ სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციის დადებით და უარყოფით მხარეებსა და რისკებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე