2014-06-16

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რენო სალენსი,  საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ პროფესორი ნანა გუნცაძე და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოს ევროპული ორიენტაცია ოდითგანვე განსაზღვრულია, ეს არის ქართველი ხალხის შინაგანი მისწრაფება. მალე საქართველო მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას და ამ ფონზე დღეს თსუ-ში ტარდება დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ იქნას გაანალიზებული, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული სახელმწიფო საქართველო: რა ღირებულებებია, რა ტრანსფორმაციები უნდა განიცადოს ეკონომიკამ, სახელმწიფოს მშენებლობამ , უსაფრთხოების საკითხებმა, კულტურულმა სფერომ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც  განვითარებული ევროპული მოდელის მქონე ქვეყანა. ჩვენი უნივერასიტეტის პროფესურის და სტუდენტების ჩართულობა არის იმის საწინდარი, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ეს კონფერენცია იქნება წარმატებული.“
„კონფერენციის თემაა ევროპული ღირებულებები. უნივერსიტეტში ამ საკითხზე კონფერენციების ჩატარება უკვე ტრადიციად  ჩამოყალიბდა.  ეს ღონისძიება გვიჩვენებს თუ რა  ინტენსივობით არიან ჩართულები ქართველი პროფესორები ამ საკითხებში და ვფიქრობ კარგი იდეაა,“-აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის თქმით, „ბოლო თვეების მანძილზე გარკვეული დებატები მიმდინარეობს საქართველოში ეროვნულ იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებზე.  ჩემი აზრით, ამ კონფერენციის მიზანია შეისწავლოს ეს საკითხი და აჩვენოს რომ არსებობს  შესაბამისობა ქართულ იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებს შორის. სწორედ ამიტომ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პროფესორები ევროპიდან და საქართველოდან, ისინი გაცვლიან იდეებს , იმსჯელებენ ამ საკითხზე და ვფიქრობ ეს სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.“
„კონფერენციის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტად გავრცელდეს ევროპული ღირებულებები. როგორც ჩანს, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ამის აუცილებლობა და ამიტომ გადავწყვიტეთ მოვაწყოთ ასეთი ტიპის კონფერენცია, სადაც  ასევე გამოჩნდება მეცნიერული კვლევებიც ამ სფეროში. ჩვენ უნდა შევეცადოთ საქართველოს იდენტობის შენარჩუნებით დავნერგოთ ევროპული ღირებულებები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ინტერდისციპლინარული კონფერენციის ჩატარება თსუ-ში,“- აღნიშნა  თსუ პროფესორმა ნანა გუნცაძემ.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია გადასცა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ნათია ფაილოძეს.
ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ უნივერსალური ფასეულობების გავრცელებას, რომელთა მატარებელიცაა ევროპა, და ეს ღირებულებები განიხილოს ეროვნული იდენტობის კონტექსტში. მოხსენებების და მოხსენებათა შემდეგ გამართული დებატების დროს განხილული თემები ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების ინფორმირებას, მის მოდერნიზებას და საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას, გაცნობიერებულად შეაჩეროს არჩევანი ევროპაზე.
კონფერენცია  ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ევროკავშირის,   ასოციაცია Georgia Proeuropa-ს,   საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს   ორგანიზებით.
   



Print

« იხ. ყველა სიახლე