2016-09-07

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფუტსალის გუნდის წევრებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის წევრებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.  
თსუ გუნდმა უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული გუნდი უეფას ფუტსალის ძირითად ეტაპზე (Main round) იასპარეზებს. 
„ძალიან გაგვახარა თქვენმა წარმატებამ, რომელიც დიდი გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. იმედია, მომავალ გამარჯვებებს უფრო მასშტაბურად აღვნიშნავთ. თქვენ სხვებს აძლევთ უკეთესი და სასიამოვნო ცხოვრების მაგალითს. ვულოცავ უნივერსიტეტს ასეთ გამარჯვებას,“- მიმართა თსუ ფუტსალის გუნდის წევრებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.  
თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფუტსალის გუნდის პრეზიდენტის ირაკლი ხარჯავანიძის განცხადებით, „უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე ასეთი წარმატებების მიღწევა წარმოუდგენელია. წინ ძნელი გზაა გასავლელი. მაქსიმალურად დავიხარჯებით, რათა ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ.“
თსუ ფუტსალის გუნდის მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ყველას მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა უკვე დაიწყო.
თსუ-ს გუნდი გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე  32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თითოეული ჯგუფიდან გასასვლელად პირველი ადგილის დაკავება იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგად  F ჯგუფში თსუ-სთან ერთად „სიევა ფუტსალი“ (ფინეთი), „ვოტსელი“ (შოტლანდია) და  „ვალეტა“ (მალტა) მოხვდნენ. ჩვენმა გუნდმა შოტლანდიის „ვოტსელი“ ანგარიშით 12-4 გაანადგურა, მეორე ტურის მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა მალტის „ვალეტასთან" და 6-0 მოიგო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ მატჩში  თსუ ფუტსალის გუნდმა მასპინძელი ქვეყნის - ფინეთის გუნდს „სიევა ფუტსალს“ დაძაბულ შეხვედრაში 5-4 მოუგო. სამი გამარჯვებით F ჯგუფში თსუ-მ პირველი ადგილი დაიკავა და ძირითადი ეტაპის (main round) საგზური მოიპოვა.
ძირითადი ეტაპის თამაშები მაკედონიაში 11-დან 16 ოქტომბრამდე ჩატარდება, სადაც მასპინძელ „ჟელეზიჩართან" ერთად, აზერბაიჯანის ჩემპიონი „არაზნახიჩევანი" , კოსოვოს "ფენიქსი" და საქართველოს ჩემპიონი - თსუ-ს გუნდი იბრძოლებენ მომდევნო ეტაპზე (Elite round) გასასვლელად.





Print

« იხ. ყველა სიახლე