2015-01-20

კონკურსში „არა ძალადობას“ გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „არა ძალადობას“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ნებისმიერი ძალადობის დაძლევისთვის მხოლოდ შსს-ს ძალისხმევა არ არის საკმარისი, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება.  ჩვენი სტუდენტები წარმატებით ჩაერთნენ შსს-ს აქციაში. მათი შექმნილი პროდუქტი უფრო გასაგები და  მისაღები იქნება ახალგაზრდებისთვის.“
„მადლობა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, რომელნიც აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში „არა ძალადობას“. დემოკრატიას სჭირდება აქტიური მოქალაქეები, პროფესიონალები. მათ შორის, პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ამ პრობლემის შესახებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან და პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც აჩვენებენ. მხოლოდ შსს-ს რესურსი არ კმარა ძალადობის პრევენციისთვის, ოჯახში ძალადობა დაიძლევა საზოგადოების აქტიური ჩართულობით,“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.
„არსებობს თემები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. ჩვენ, სტუდენტებმა ვიდეორგოლებით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ოჯახში ძალადობაზე. სასურველია, თუ ჩვენს პოზიციას სხვებიც გაიზიარებენ,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა ანი ბურდულმა.
 შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ასამდე მედია პროდუქტი  (საგაზეთო პუბლიკაცია, ტელე და რადიო სიუჟეტები) იყო წარმოდგენილი. კონკურსზე თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სამაუწყებლო მედიის ფარგლებში სამმა ჯგუფმა სამი ვიდეორგოლი წარმოადგინა. თსუ-დან წარმოდგენილი სამი ვიდეორგოლიდან ორმა  გაიმარჯვა. ღონისძიებაზე გაიმართა გამარჯვებული კლიპების დემონსტრირება.

Print

« იხ. ყველა სიახლე