2010-06-21

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია

21 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საზაფხულო სამეცნიერო  აკადემია“  გაიხსნა. აკადემიის მუშაობის დაწყება მოწვეულ სტუმრებს თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ ამცნო.
„ქვეყანას სჭირდება ინჟინრები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენლები, ტექნიკური განათლების ადამიანები. მსგავსი ღონისძიებებით ვცდილობთ წავახალისოთ ახალგაზრდობა ამ მიმართულებით განათლების მიღებისათვის. ამავე დროს, საბავშვო უნივერსიტეტი დაეხმარება ახალგაზრდებს გაამყარონ კავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის“, – აღნიშნა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.
თსუ–ს საბავშვო აკადემია VIII-XII კლასის სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული 40-მდე მოსწავლე, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემუშავებულ პროგრამაში ჩაერთვებიან. აკადემიის მოსწავლეთათვის  ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ფრიდონ შუბითიძე (დარტმუთის კოლეჯი,  აშშ) და ზაალ კოკაია (ლუნდის უნივერსიტეტი, შვეცია)  წაიკითხავენ; სწავლის პროცესში გაიმართება ვიდეოკონფერენცია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტიკის ლაბორატორიიდან, მონაწილეებს აგრეთვე ელით თსუ-ს პროფესორების და მოწვეული მეცნიერების საინტერესო ლექციები და ექსპერიმენტები.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე