2012-04-22

„კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე“

22 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი საერთშორისო კონფერენციის - „კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები კონფერენციაზე მოხსენებებითა და სასტენდო პრეზენტაციებით წარდგნენ, გამარჯვებულ მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები, ფულადი პრემიები და პრიზები გადაეცათ.
კონფერენციის მიზანია კავკასიის ქვეყნების ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების წარმოჩენა, მსგავსი და განსხვავებული ტენდენციების გააზრება და მომავალი ურთიერთობების პერსპექტივების გაღრმავება.
„კავკასია თავისი მულტიეთნიკურობით, მუტიკონფესიურობითა და შესაბამისად, მულტიკულტურებით გამოირჩევა. ქართველი და კავკასიელი კულტურის მოღვაწეები ყოველთვის ცდილობდნენ ეროვნული ტრადიციებისა და ადათ-წესების შენარჩუნებასა და თანამედროვეობისათვის მათ მისადაგებას. კავკასიელი ხალხის ურთიერთდაახლოების საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეკონომიკური ურთიერთობები. აბრეშუმის დიდი ისტორიული გზაც კავკასიაზე გადიოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორ აღიქვამენ და ხედავენ ახალგაზრდები ამ პროცესებს დღეს“, - აღნიშნა კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფესორმა ფარუქ გურსოიმ.
კონფერენციის შედეგები შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ: „კონფერენცია საშუალებას მისცემს მომხსენებლებსა და მონაწილეებს წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და იმსჯელონ კავკასიაში ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცის შექმნის პერსპექტივებზე და მათ გააზრებაზე ინტეგრაციულ პროცესებში, ეს სივრცე მომავალში სწორედ ახალგაზრდებმა უნდა შექმნან“.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის ფონდის ერთობლივი კონფერენცია მომავალ წელს გაზრდილი მასშტაბით ჩატარდება.



Print

« იხ. ყველა სიახლე