2016-05-10

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ეწვია

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში არსებულ მდგომარეობას გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებსა და თსუ თანამშრომლებს. 
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში არასახარბიელო მდგომარეობაა. სარემონტო სამუშაოების ჩატარებას კი ხელს უშლის ის ფაქტი, რომ შენობები არ არის უნივერსიტეტის საკუთრება და ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. „თუმცა, ეტაპობრივად გარკვეული სახის სამუშაოები უკვე ჩატარებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს.  გამოცხადებულია ტენდერი  სამრეცხაოს მოსაწყობად, რომელიც ამ კორპუსებში მცხოვრებ სტუდნეტებს მოემსახურება. გამოიცვლება წყალგაყვანილობა და  კანალიზაციაც. სტუდენტებს ნამდვილად არა აქვთ მათი საკადრისი საცხოვრებელი პირობები. სარემონტო სამუშაოებს სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა.  ჩვენ თხოვნით მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინტროს. რომ გადმოეცეს ეს შენობები უნივერსიტეტს; ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წერილი გაგზავნილია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტიდან შესაძლებლობის ფარგლებში დაგვიფინანსონ საერთო საცხოვრებლების რემონტიც.  იმედი გვაქვს, რომ გაგებით მოეკიდებიან პრობლემებს, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს სტუდენტებს აქვთ სტუდქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
„სამი წელია  რაც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სველი წერტილების პრობლემა. ზედა სართულებიდან პირველ და მეორე სართულებზე ჩამოდის წყალი - აბაზანაშიც, საპირფარეშოშიც, ხელსაბან ონკანთანაც. ეს არის ძალიან არაჰიგიენური და ამან მომავალში, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. სხვა ყველაფერი ნორმალურია. მოკლედ, ცხოვრება შესაძლებელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ გადასახადს, რომელსაც ჩვენ ვიხდით - თვეში მხოლოდ 30 ლარს. ამ თანხაში შედის ყველანაირი გადასახადი, მათ შორის, ელექტროენერგიის,“- განაცხადა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ როსებიშვილმა.
თსუ საერთო საცხოვრებელი თსუ სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის  ბაგებში 1975 წელს აშენდა. საერთო საცხოვრებლის ხუთივე კორპუსი  ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში იყო, თსუ მას სარგებლობის უფლებით იყენებდა. ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს  ორ თოთხმეტსართულიან კორპუსში, ხოლო 2011 წელს ერთ ოთხსართულიან კორპუსში დევნილები შეასახლა. თსუ-ს სარგებლობაში დარჩა ორი ოთხსართულიანი კორპუსი. დღეისათვის ორივე კორპუსის 190-მდე ნომერში   279 თსუ სტუდენტი და სოციალურად დაუცველი და მცირეშემოსავლიანი  53 თანამშრომელი ცხოვრობს ოჯახით.

Print

« იხ. ყველა სიახლე