2016-04-23

ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეების ფარგლებში თსუ-ში გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.   
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „გამოფენაზე ძალიან საინტერესო მასალაა წარმოდგენილი. პირველად გამოიფინა ექსპონატები, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო და  მხოლოდ არქივებში ინახებოდა. უნივერსიტეტში საკმაოდ ფართოდ და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის იუბილე. გუშინ სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, დღეს - სამეცნიერო ფორუმი, რომელზეც გამოვლინდნენ საუკეთესო მოხსენების ავტორი პროფესორები; 25 აპრილს სტუდენტური ფორუმი ჩატარდება, რომელზეც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან. საიუბილეო ღონიძიებები უნივერსიტეტში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.“
„ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღისთვის მოვამზადეთ  გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“. ეს თემა ნაკლებად ცნობილია, არა მარტო ფართო საზოგადოებისთვის, არამედ სამეცნიერო წრეებისთვისაც, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ყველა ის მასალა, ძირითადად რუკები, საარქივო დოკუმენტები, ფოტოები და შეგვექმნა ახალი ლიტერატურა, გამოვფინეთ მემორიალური ნივთები და საზოგადოებას წარმოვუდგინეთ დიდი მამულიშვილის კიდევ ერთი ახალი სამეცნიერო  მიმართულება, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა და მუშაობდა,“- განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილემ დავით სართანიამ.
გამოფენაზე წარმოდგენილი საგამოფენო მასალები თვალსაჩინოს ხდის დიდი მეცნიერის შემოქმედების ნაკლებად ცნობილ სფეროს, როგორიცაა კარტოგრაფია. გამოფენა მომზადებულია თსუ მუზეუმის მიერ, ხოლო წარმოდგენილი მასალები მთლიანად მოძიებული და დამუშავებულია ივანე ჯავახიშვილის ცენტრის მიერ, რომელიც მათ საფუძველზე ატლასის გამოცემას გეგმავს. გამოფენილ კარტოგრაფიული ნაწარმოებებიდან 7 რუკა ან ივანე ჯავახიშვილის მიერაა შექმნილი ან მისი უშუალო მონაწილეობით.
ივანე ჯავახიშვილის 140 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები თსუ-ში 15 აპრილს დაიწყო. კასპის რ-ნის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა ფოტოალბომის ,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ წარდგინება. ფოტოალბომი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თსუ ბიბლიოთეკამ  გამოსცა.      საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს სტენლი მალოის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა; დღის ბოლოს შედგა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „მათ შექმნეს უნივერსიტეტი - ფილმი I. ივანე ჯავახიშვილის “ ჩვენება.


Print

« იხ. ყველა სიახლე