2016-04-17
პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს შეხვდა
![](/data/image_db_innova/PR/13010853_10153453040932233_8152677616245252602_n.jpg)
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული საკითხები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზეც განიხილა. ,,პრემიერი თავისი ინიციატივით მოვიდა დღეს უნივერსიტეტში. მას სტუდენტებთან ერთი-ერთზე ჰქონდა შეხვედრა. კონკრეტულ თემებზე ჩვენ არ გვიასუბრია, მაგრამ მან ჩემთან საუბარში დააფიქსირა, რომ მას აქვს განწყობა და მზაობა, რომ განათლების სისტემაში მოხდეს სერიოზული რეფორმები’’, აღნიშნა თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. პრემიერთან საუბრის შემდეგ კი, რექტორი 115-ე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან მორიგ შეხვედრას მომავალი კვირის მეორე ნახევარში გამართავს, სადაც ერთობლივად იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე. პრემიერ-მინისტრის თქმით: „სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე. ასევე თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე” .
,,პრემიერ-მინისტრი ყველა ჩვენს მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა 115-თან თანამშრომლობაზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტთან შეფარდებით’’, განაცხადეს "აუდიტორია115"-ის წარმომადგენლებმა.
პრმიერ-მინისტრთან შეხვედირს შემდეგ სტუდენტებმა მე-6 კორპუსის პიკეტირება შეწყვიტეს.
,,აუდიტორია 115’’-ის აქციასა და პრემიერ-მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრას თსუ თვითმმართველობის პრეზიდეტნი შალვა საბაური გამოეხმაურა: ,,თსუ-ში არ წყდება მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტის თვითმმართველობები როგორი იქნება. გარდა ამისა, როდესაც ავტონომიაზეა საუბარი და მთავრობას სთხოვ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებით გააუქმოს ამ მოცემულობის თვითმმართველობა, ამას ჰქვია ავტონომიის ვერ გაგება. თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვევიდან ზევით მიმართული დემოკრატია გვინდა, ასეთ შემთხვევაში საერთო სტუდენტური აზრია მნიშვნელოვანი და ეს არჩევნების გზით წყდება ხოლმე. მე მგონია, რომ თავისუფლება, რომელიც არსებულ კანონში არის მითითებული უნდა შენარჩუნდეს. სტუდენტებმა თვითონ უნდა აირჩიონ უნდათ კლუბური სისტემა, არსებული სისტემა თუ რაიმე სხვა სახის ალტერნატიული სისტემა’’.
« იხ. ყველა სიახლე