2017-10-17

გამოფენა - აღმოაჩინე ჭიათურა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე "აღმოაჩინე ჭიათურა" წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა (ბუჯას ხეობა, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე, მდ. იმერეთის ფრონე, მდ. საძალიხევის ხეობა სვერთან, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდ. ღვითორულას ხეობაში, სოფ. ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანსას მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.)


ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი სტუდენტური პროექტი, რომელიც დაფინანსდა უნივერსიტეტის ახალი საგრანტო სისტემით. „სასიხარულოა, რომ ბევრი აღმოჩენაა გაკეთებული, რომელსაც დღეს სტუმრები დაათვალიერებენ. განსხვავებულადაა დანახული ურბანული საკითხები. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტია და ასეთი სახის აქტივობა წაადგება ჩვენ სტუდენტებს, დააახლოებს ველთან, მომავალ პროფესიასთან და შეაყვარებს ქვეყანას“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც თსუ ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგად მოხდა ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების გეოეკოლოგიური შეფასება, ასევე ტურისტული მარშრუტების შექმნა და ერთ-ერთი ახალი კარსტული მღვიმის აღმოჩენა. "ის მასალები, რაც ველზე უშუალოდ სტუდენტებმა მოაგროვეს, წიგნად გამოიცემა და ადგილობრივ თვითმმართველობასაც და დაინტერესებულ პირსაც  გაუადვილებს მოგზაურობას ჭიათურის მუნიციპალიტეტში“-განაცხადა გიორგი დვალაშვილმა .

პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“  ხელმძღვანელია - დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტის წევრები: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის რეკომენდატორი: ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

"ვინაიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტი ცნობილია ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობით ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა, მისი მეორე მხარე, რომელიც უცნობია, სწორედ ეს იყო კვლევის მთავარი ღირებულება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევდით თუ რამდენად ღირებული ბუნების ძეგლები, როგორი უნიკალური რელიეფის ფორმები აქვს მუნიციპალიტეტს. ჩვენი მიზანი იყო ამ ობიექტების პოპულარიზაცია, საზოგადოებამდე და მოსახლეობის ფართო წრემდე მიგვეტანა, ის ჭიათურა, რომელიც უცნობია",-აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ლიანა ხანდოლიშვილმა.

პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში სამივე საფეხურის სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტურისტულად საინტერესო ობიექტები





Print

« იხ. ყველა სიახლე