2017-10-27

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში

ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია გაიცა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა სამეცნიერო პრემია გადასცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს ნაშრომთა ციკლისთვის: 1. სვანეთის ფლორა; 2. სვანური ენის შესწავლის ისტორია.

ღონისძიებაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა გოგებაშვილის პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „პრემიის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცისათვის. პრემიას გასცემს სპეციალური კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. კომისიაში არიან კომპეტენტური მეცნიერები, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში არჩევენ ვის მიენიჭოს ეს პრემია, ვისმა ნაშრომმა უფრო მეტი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური დარგის განვითარებაში.“

„ქართველოლოგიის დარგში ქართველი სპეციალისტებისათვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო. უცხოელ ქართველოლოგებს ანიჭებენ ივანე ჯავახიშვილის პრემიას, ქართველებს - იაკობ გოგებაშვილისას. პრემირებულია ჩემი ორი წიგნი: ,,სვანური ენის შესწავლის ისტორია’’ და ,,სვანეთის ფლორა’’. მე სვანური ენის სპეციალისტი და, საერთოდ, ქართველოლოგი გახლავართ. ყველაზე დიდ, მნიშვნელოვან მოვლენად ჩემს ცხოვრებაში მიმაჩნია ის, რომ პირველმა შევისწავლე კოდორის ხეობის მეტყველება, სვანთა მეტყველება და გადავარჩინეთ დაღუპვას რუსული თვითმფრინავების ავისმომასწავლებელ გრუხუნში მე და ჩემმა მოსწავლეებმა,“- აღნიშნა იზოლდა ჩანტლაძემ.

ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის ქართველოლოგიის დარგში. სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარება.

2015 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია პირველად გადაეცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ გიორგი გოგოლაშვილს საპრემიოდ წარმოდგენილი ნაშრომთა ციკლისთვის – „სიბრძნე იაკობისა“, „ქართული სალიტერატურო ენა“ და „ქართული – ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“.

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომელიც ხელს უწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე