2010-12-15

მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის ასად ალამის სემინარი თსუ–ში

15 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრა. ასად ალამმა სტუდენტებისთვის გამართა სემინარი თემაზე: ,,გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები სამხრეთ კავკასიაში”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ფლობდნენ ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების შესახებ, ამ სფეროში ყველა ახალი ინიციატივის განხილვაში მათი ჩართულობა აუცილებელია, ვფიქრობ, 4 შეხვედრა მათთვის მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება იქნება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ასად ალამმა.

ასად ალამი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მფლობელია. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი  სხვადასხვა დროს ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში მუშაობდა; 2009 წლის იანვრიდან კი, ასად ალამი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში  სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, პროდუქტიულობა, უთანასწორობა და ფისკალური საკითხები. ასად ალამის თანაავტორობით შექმნილია მსოფლიო ბანკის ბოლო პუბლიკაციები: „პროდუქტიულობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“ და „ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე და უთანასწორობა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“.

სემინარის გახსნას თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ელენე ხარაბაძე და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს ხელმძღვანელი კახაბერ ლორია დაესწრნენ.

„ამ შეხვედრას დიდი დაინტერესება მოყვა სტუდენტებში, მათ სურთ უფრო მეტი შეიტყონ. ბატონი ასად ალამის მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება, მისი პროფესიული  ხედვა და მომზადებული ანგარიში ახალგაზრდების პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს განავითარებს“, – განაცხადა შეხვედრაზე თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ელენე ხარაბაძემ.

Print

« იხ. ყველა სიახლე