2013-10-24

საერთაშორისო კონფერენცია „ფურიეს ანალიზი და აპოქსიმაციის თეორია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 24 ოქტომბერს  საერთაშორისო კონფერენცია „ფურიეს ანალიზი და აპოქსიმაციის თეორია“ გაიხსნა. კონფერენცია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოადგილის მერაბ ელიაშვილის განცხადებით,  ცნობილი ქართველი მათემატიკოსი ლევან ჟიჟიაშვილი თავისი საქმიანობით ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დიდი ამაგი მიუძღვის დარგის განვითარებაში. “უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახის ღონისძიებების ჩატარება,  სამეცნიერო დარგების ხელშეწყობა და განვითარება საერთაშორისო კოლაბორაციებისა და თანამშრომლობის გზით“, - განაცხადა მერაბ ელიაშვილმა.
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჩეხეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის ამირან გოგატიშვილის ინფორმაციით,  საერთაშორისო კონფერენციაში  29 უცხოელი სტუმარი მონაწილეობს: „მსოფლიო დონის წამყვანი მეცნიერები ფუნქციათა თეორიის დარგში წაიკითხავენ მოხსენებებს ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებით მიღებულ უახლეს შედეგებზე. მიღწეული შედეგების გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს ფუნქციათა თეორიის მიმართულების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.“ 
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ცენტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
საერთაშორისო კონფერენცია 28 ოქტომბრამდე გასტანს და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე