2014-06-24

თსუ-ში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენციას „ბაირონი დედანსა და თარგმანში“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, თსუ სტუდენტები, აკადემიური წრეების და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად,  მსოფლიოს 20 ქვეყნის 100 დელეგატი დაესწრო. დელეგატებს შორის დიდი ინგლისელი პოეტის პირდაპირი შთამომავლები: ლორდ ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი და გრაფინია ლიტონი იყვნენ.
თსუ პროფესორის ინესა მერაბიშვილის განცხადებით, „40 წლის წინ გადაწყდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფუძნოს ტრადიცია ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის და უკვე 3 წელია მზადდება საკითხი, რომ ეს დიდი ფორუმი ჩატარდეს საქართველოში. მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ასამდე დელეგატი გვეწვია და გვირგვინი ამ ყველაფრის არის ის, რომ თავად ლორდ ბაირონის, პოეტის შთამომავლები არიან კონფერენციაზე ჩამოსულები.“
„ნებისმიერი ქართველისთვის ბაირონი მშობლიური მოვლენაა. რადგან არა მხოლოდ მისი პოეზია, არამედ ბაირონის იდეები, მოღვაწეობა, შეუპოვრობა, თავისუფლებისთვის მებრძოლობა ძალიან ახლობელია ჩვენთვის. ნიშანდობლივია, რომ ილია ჭავჭავაძემ „მგზავრის წერილებში“ მშფოთვარე, მრისხანე და მოუსვენარი თერგი ბაირონს შეადარა. ბაირონის ზოგადსაკაცობრიო იდეებმა ბევრ ერს გაუკვალა ცხოვრების გზა. თუმცა, ქართველ პარლამენტარებს ერთი პრეტენზია გვაქვს - ლორდი ბაირონი ჩვენც გვეკუთვნის, რადგან ის იყო თავისი დროის გამოცდილი პარლამენტარი. ცნობილია მისი მგზნებარე გამოსვლები ლორდთა პალატაში, როცა იცავდა კათოლოკეების უფლებებს ან როცა საარჩევნო უფლებებს ითხოვდა ყველასთვის და სხვა. მართალია, მაშინ მისი იდეები არ გაიზიარეს, მაგრამ მისი სამშობლო დღეს სწორედ ამ იდეებს ეფუძნება. ჩვენ კი ევროპელობაზე პრეტენზია იმიტომ გვაქვს, რომ მაშინაც გვესმოდა და დღესაც გვესმის ბაირონის,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
„ბაირონი ქართველი ხალხისთვის არა მხოლოდ დიდი პოეტია - ის თავისი ცხოვრების სტილით ქართველი ხალხის ცხოვრების ნაწილი გახდა. საამაყოა, რომ ბაირონის შემოქმედებას საქართველოში ასე საფუძვლიანად სწავლობენ. გვეამაყება ისიც, რომ ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა  ინესა მერაბიშვილის ინგლისურენოვანი წიგნი „შეხვერდა ლორდ ბაირონთან“,- განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესწრები კონფერენციის გახსნის ცერემონიას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში იმართება ბაირონის კონფერენცია, რაც ვფიქრობ ბაირონის საზოგადოების და პროფესორ ინესა მერაბიშვილის დიდი პატივისცემაა, რომელმაც თავისი კარიერა ლორდ ბაირონის შემოქმედების თარგმნასა და შესწავლას მიუძღვნა. ბაირონის შემოქმედება, შეუპოვარი ცხოვრება საქართველოსთან  ახლოს არის, და ვფიქრობ, კანონზომიერია, რომ სწორედ საქართველოში იმართება ბაირონის კონფერენცია,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია იმართება საქართველოში.  40 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველწლიურად  მივემგზავრებით სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ვიცი,  დიდი ხნის წინ დაიგეგმა ამ კონფერენციის თბილისში გაიმართვა და მოხარული, ვარ რომ ეს განხორციელდა,“- აღნიშნა ინგლისელი პოეტის შთამომავალმა ლორდ ბაირონმა.
კონფერენციის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში 43 მოხსენებას წაიკითხავენ.      
ღონისძიებაზე თსუ პროფესორის, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორის ინესა მერაბიშვილის  წიგნის „ინესა მერაბიშვილი, შეხვედრა ლორდ ბაირონთან“ გაიმართება.
ბაირონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 1974 წლიდან იმართება ბაირონთან დაკავშირებულ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს ბაირონის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა. დღეს მსოფლიოში მუშაობს ორმოცზე მეტი ბაირონის საზოგადოება, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. 1809-1811 წლებში ლორდ ბაირონმა იმოგზაურა აღმოსავლეთში. საქართველოში ჩამოსვლა მას არ დასცალდა, თუმცა, ასეთი გეგმა გაცხადებული აქვს სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები" (1809), სადაც პოეტი საქართველოს "სილამაზის მშობლიურ მხარედ" მოიხსენიებს. "დონ ჟუანში" ქართველი ქალი მან სილამაზის ეტალონად გამოაცხადა.
მიუხედავად ბაირონის ფენომენისადმი განსაკუთრებული ინტერესისა ჩვენში, თავად პოეტის დამოკიდებულება საქართველოსადმი უცნობი რჩებოდა. ყოველივე ამის გამოვლენას ხელი შეუწყო საქართველოში ბაირონის საზოგადოების საერთაშორისო კვლევაში ჩართულობამ, რამაც საშუალება მისცა ქართველ მეცნიერს მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მისულიყო: გამოვლინდა ბაირონის ცხოვრების აქამდე უცნობი ეპიზოდი ქართველ ტყვე ქალთან შეხვედრისა, რაც, შესაძლოა, საფუძვლად დაედო მისი ერთ-ერთი შთამბეჭდავი პოეტური პერსონაჟის შექმნას. ეს ყოველივე ასახულია ინესა მერაბიშვილის ინგლისურენოვან წიგნში “ENCOUNTER WITH LORD BYRON” (შეხვერდა ლორდ ბაირონთან), 400 გვერდი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე