2010-04-16

იტალიის საგარეო ურთიერთობის სამინისტროს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა

18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ფედერიკა ჯენტილე და  ფრანჩესკა ფიორიტო სტუმრობდნენ. იტალიელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოში იტალიური ენის პოპულარიზაციით, შეხვდნენ იატალიურენოვან სტუდენტებს, პროფესორებს, დანტე ალიგიერის საზოგადოების წევრებს. სტუმართა მიზანს საქართველოზე დოკუმენტური ფილმის გადაღება წარმოადგენს, რომელშიც ძირითადი აქცენტი იტალიურის სწავლასა და იტალიასთან ურთიერთობებზე გაკეთდება. დოკუმენტური ფილმი დაიდება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე. რაც საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტმა ნინო ცერცვაძემ საინტერესოდ ისაუბრა ქართულ-იტალიური სამეცნიერო, კულტურული ურთიერთობების შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას უწყობს ხელს. თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებმა მედიის წარმომადგენლებს სასწავლო გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე ესაუბრნენ. იტალიის კა ფოსკარის, პიზას, ვენეციის, რომის, სალერნოს და სხვა უნივერიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იტალიურ მხარესთან თსუ-ის სამეცნიერო-სასწავლო კუთხით ურთიერთთანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება და ვითარდება.
შეხვედრაზე სტუმრებს წარუდგინეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული კლაუდიო დებიასისა და პროფესორ გიორგი ბუხნიკაშვილის თანაავტორობით გამოცემული იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური ლექსიკონები, რომლებიც   ლექსიკის გარდა,   ბევრ საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს  იტალიელი და  ქართველი ხალხის ისტორიასა და კულტურაზე,  ტრადიციებსა და ცხოვრების წეს-ჩვეულებებზე. ქართულ-იტალიური ლექსიკონი პირველი ლექსიკონია ქართული  ენათმეცნიერების სივრცეში, რომელიც იტალიური ენის სწავლებით დაინტერესებულ ქართველ მკითხველს იტალიური ენის სამყაროში ღირსეულ მეგზურობას გაუწევს.
 შეხვედრის ბოლოს  ფედერიკა ჯენტილემ და ფრანჩესკა ფიორიტომ მადლობა გადაუხადეს საუნივერსიტეტო საზოგადოებას გულთბილი შეხვედრისთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე