2011-05-10

შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი სტუმრად თსუ-ში

10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში შვეიცარიის ელჩი  გიუნტერ ბეხლერი ეწვია. ელჩმა სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე - „მშვიდობა და დემოკრატიული რევოლუცია არაბულ ქვეყნებში“.

დოქტორმა ბეხლერმა არაბულ სამყაროში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუციების სერია ტექნოლოგიების განვითარებამ და ორგანიზებულმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიწვია; ელჩმა მოხსენებაში ქუჩის საპროტესტო აქციები, რევოლუციები და „დაუნდობელი შეტაკებები“ ერთის მხრივ, პოლიტიკური და კულტურული სტაგნაციის, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში განიხილა. გიუნტერ ბეხლერი საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხს შეეხო: რა სახის „რევოლუციებს“ განვიცდით; ვინ დგას პოლიტიკური ძალების უკან; რით აიხსნება ცვლილებების თანადროულობა სხვადასხვა რეგიონში; როგორია მოვლენების მსგავსება და განსხვავება  სხვადასხვა ქვეყნებში; ასევე, არსებობდა თუ არა ინტელექტუალური ფესვები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახალხო მოძრაობებს; რა კავშირია დემოკრატიას, მშვიდობიან ცვლილებებს და შეიარაღებულ ძალადობას შორის ქვეყნებში, რომელიც დატანილია რუკაზე;

„რევოლუციები გახშირდა. ეს საზოგადოების მეტმა ინფორმირებულობამ და დემოკრატიისკენ სწრაფვამ განაპირობა. ხალხს აღარ სურს იყოს რომელიმე რეჟიმის შიგნით. საქართველომ თავისი სურვილი ვარდების რევოლუციის დროს გააჟღერა. მე დიპლომატიური სამსახურის დიდი გამოცდილება მაქვს და მსურს სტუდენტებს გავუზიარო ჩემი მოსაზრება, წარმოვადგინო ერთგვარი ანალიზი და მოვისმინო მათი აზრი. მომავალი მათ ხელშია, ამიტომაც მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა.

კონფლიქტების კვლევის დარგში ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორმა გიუნტერ ბეხლერმა სამეცნიერო მოღვაწეობა ჰამბურგის უნივერსიტეტში მშვიდობის და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად დაიწყო. ახალგაზრდა მეცნიერის შრომები ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტს ეხებოდა. 1996 წელს პროფესორმა ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამა და ჯონ კენედის სახელმწიფო მართვის სკოლა გაიარა. 1988-2000 წლებში გიუნტერ ბეხლერი ხელმძღვანელობდა მისივე დაარსებულ შვეიცარიული მშვიდობის ფონდს. 2001 წელს დოქტორი ბეხლერი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2005 წლიდან კი, ნეპალში შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია სამშვიდობო საკითხებში, 2007 წელს შვეიცარიის საგარეო უწყებამ იგი მიავლინა დარფურში -  სუდანში მთავარ მრჩევლად სამშვიდობო საკითხებში. 2009 წლიდან დოქტორი იყო მთავარი მედიატორი, 2010 წლის ივნისამდე კი ის აქტიურად იყო ჩართული დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც ყატარში მიმდინარეობდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე