2010-03-02

თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგი გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ მიიღო

     თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესი, რომელიც 2009 წლის ოქტომბრიდან  მიმდინარეობდა, დასრულდა. 1 მარტს სასამართლომ სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ მეორე სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა შესარჩევი კონკურსის რამდენიმე მონაწილე კონკურსის შედეგებს სასამართლოში აპროტესტებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორ ნაწილად გაიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნები არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა.
     თსუ-ში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას 2009 წლის 16 ივნისის ბრძანებით 17 აგვისტოს გამოცხადდა. კონკურსში სულ 172 კონკურსანტი მონაწილეობდა. 18 პროფესორის სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 21 ოქტომბერს შევიდა. მოსარჩელეთა ძირითადი პრეტენზია კონკურსის ჩატარების ვადებსა და პროცედურას შეეხებოდა. პირველ პროცესში მონაწილე 6 მოსარჩელეს უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი 2010 წლის 19 თებერვალს ეთქვათ.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე