2015-03-12

თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსის ინაუგურაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ფრანკოფონული ციფრული კამპუსის ინაუგურაცია  გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რენო სალენსი, ბულგარეთის საგანგრბო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ფაბიენ ფლორი, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ეროვნული საუნივერსიტეტო საჯარო ინსტიტუციების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში გავხსენით ფრანკოფონიის ციფრული ოთახი, რომელიც ხელს შეუწყობს ფრანგული ენის, ლიტერატურისა და კულტურის შესწავლას. პროექტის მხარდამჭერია ჩვენი უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, საფრანგეთის საელჩო. ამით   არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისი განათლება.“
„ამ ოთახის კომპიუტერული და სხვა სახის ტექნიკით აღსაჭურვად ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ 15 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამით ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ და გაერთიანდნენ ფრანკოფონურ საგანმანათლებლო სივრცეში. საქართველო არის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი. 2 წლის წინ ჩვენ შევთვაზეთ საქართველოს მთავრობას გაფართოებულიყო ეს წევრობა და შევთავაზეთ მაღალი ფუნქციონირების გადამზადება ფრანგულ ენაში,“- აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსიმ.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს დიალოგის კულტურაზე, წარადგინეს AUF-ის მიერ დაფინანსებული პროექტები.
ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის  ღონისძიებები: ფრანგულენოვანი კინოს, ფრანგული ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, ვიზუალური ხელოვნების, სამზარეულოს დღეები.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ საქართველოში 650 ათასი ევროს ღირებულების პროექტი დააფინანსა.
AUF მსოფლიოს უმაღლესი დაწესებულებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციაა (www.auf.org/). 1989 წლიდან იგი უმაღლესი განათლებისა და კვლევის საკითხებში ფრანკოფონიის ოპერატორია. AUF აერთიანებს ხუთი კონტინენტის ასამდე ქვეყნის 800-მდე წევრ უნივერსიტეტს.

Print

« იხ. ყველა სიახლე