2009-10-15

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

„... დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. ...
ასე რომ არა, დაიქცეოდა, - მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,
-ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო,
ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.“
რომანიდან „სამოსელი პირველი“
ცნობილი მწერალი სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე გურამ დოჩანაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით შეხვედრაზე მწერალი თავის ნაწარმოებებს განიხილავს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. მწერალთან შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი შამათავა დაესწრებიან.
გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (1962), 1962-1975 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი იყო. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
მწერლის პირველი მოთხრობები ჟურნალ “ცისკარში” 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო პირველი წიგნი “მთის გადაღმა” 1966 წელს გამოიცა.
კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებების მთავარი თემა ღირსება, სიკეთე, სიყვარული, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისაკენ
სწრაფვაა. ყველაზე ცნობილ ქართულ რომანებს შორის მწერლის ნაწარმოებები “სამოსელი პირველი” და “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” - განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმდება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ქიმიის დიდი აუდიტორია.
შეხვედრის დრო: 16 ოქტომბერს, 17:00 საათი
Print

« იხ. ყველა სიახლე