2014-09-22

COMET ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო ვორკშოპი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში COMET ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი დაიწყო. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრნენ.
თსუ რექტორის მოადგილის მერაბ ელიაშვილის განცხადებით, „თსუ-ში  მუშაობას შეუდგა COMET კოლაბორაციის მორიგი სამეცნიერო ვორქშოპი.  COMET კოლაბორაცია იკვლევს თანამედროვე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და ადრეული სამყაროს წარმოშობის ფუნდამენტურ საკითხებს. ქართველი ფიზიკოსების მონაწილეობა ამ პროქტში მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს აფართოებს  ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიას. COMET კოლაბორაცია თავისი საქმიანობით ძირითადად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს, ისეთებს როგორიცაა იაპონია, ჩინეთი და ა.შ. თუმცა,  საფრანგეთიდან, ინგლისიდან, რუსეთიდანაც არიან წარმომადგენლები. ამ მხრივ, დიდი პერსპექტივები იქმნება განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროგრამის  შესრულებაში.“
ღონისძიებაზე განიხილება მოსამზადებელი სამუშოები ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომელიც დაგეგმილია იაპონიაში პროტონულ ამაჩქარებელთა კვლევის ეროვნულ ცენტრში 2016 წელს. ვორქშოპის აქტუალობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ის შეეხება ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას - დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების დამახასიათებელი კვანტური რიცხვის „არომატის“ შენახვის კანონის დარღვევას. ეს ხელს უწყობს ელექტრონიკის განვითარებას. COMET ექსპერიმენტის შედეგებმა  უნდა გასცეს პასუხი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში დღეისთვის პასუხგაუცემელ კითხვებს. კერძოდ, არსებობს თუ არა ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებების აღმწერი თეორიის (სტანდარტული მოდელი) მიღმა ფიზიკა, ანუ „ახალი ფიზიკა“.  ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამ ექსპერიმენტში მონაწილე  15 ქვეყნის (მათ შორის: იაპონია, ჩინეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ავსტრალია, რუსეთი, ბელორუსია) წამყვან მეცნიერებთან ერთად ქართველი და უცხოელი სტუდენტები (დოქტორანტები და მაგისტრები). COMET ექსპერიმენტში  50-მდე საერთშორისო სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია ჩართული.
კონფერენცია 26 სექტემბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე