2019-03-26

ნოურუზი თსუ-ში

თსუ ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორებმა საზეიმოდ აღნიშნეს ირანული ახალი წელი - ნოურუზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბ-ნი ჰამიდ მოსტაფავი, მოწვეული ირანელი პროფესორი ქ-ნი ლეილა რეზაი და სხვები. 
ირანისტიკის განყოფილების სტუდენტებმა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა შესთავაზეს ირანელ სტუმრებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოეწყო მეორე კურსის სტუდენტის, რონი ცხოიძის ნახატების გამოფენა, რომელიც სუფიური პოეზიის მოტივებზე შეიქმნა. ნამუშევრებს სუფი პოეტების ლექსების ქართული თარგმანების რ. ცხოიძისეული კალიგრაფიული მორთულობაც ამშვენებდა. 
სტუმრებს ირანისტიკის კათედრაზე ტრადიციული ირანული საახალწლო სუფრა „ჰაფთ სინი“ დახვდათ, რომელიც ასო „სინ“-ზე დაწყებული დასახელების შვიდი კომპონენტისგან შედგება. სტუდენტებს ამ სუფრის სხვა ატრიბუტებიც არ დავიწყებიათ. სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართველი სტუდენტების გემოვნებითა და ხელოვნებით. 
საპატიო სტუმრებისთვის ახალი, მზის კალენდრით 1398 წლის მილოცვის შემდეგ სტუდენტებმა მათ ორიგინალური ქართული საახალწლო ტრადიციებიც გააცნეს. ასევე  ისაუბრეს საერთო ადათ-წესებზე, რომლებიც ირანულ ახალ წელსა და ქართულ საახალწლო და სააღდგომო რიტუალებს უკავშირდება. 
სტუდენტებმა სტუმრებს საახალწლოდ მორთული ჩიჩილაკიც დაახვედრეს, მეკვლეობის, ბედობის, ჭონას, ჭიაკოკონობისა და სხვა ქართული ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მეორე კურსის სტუდენტმა საბინა კაზიმოვამ ისაუბრა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების სანოურუზე ადათ-წესებზე. 
ირანელი სტუმრები მოიხიბლნენ ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული სპარსული და ქართული საახალწლო სიმღერებით. 
ძირითადი პროგრამის შემდეგ სახალისო კონკურსი გაიმართა მასპინძლებისა და სტუმრების მონაწილეობით, რაც ირანელებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. სტუმრებს მოუხდათ სპარსულად თარგმნილი ქართული ანდაზებისთვის სპარსული შესატყვისის მოძებნა, ხოლო ქართველ სტუდენტებს დაევალათ რთულად წასაკითხი სპარსული კალიგრაფიული ნიმუშების ამოკითხვა. კონკურსმა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა. 
აღსანიშნავია, რომ მთელი ღონისძიება სპარსულ ენაზე მიმდინარეობდა და მასში ირანისტიკის მიმართულების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.   
მოწვეულმა სტუმრებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და აღნიშნეს, რომ ირანული ახალი წლისადმი მიძღვნილი ასეთი ორიგინალური, ინფორმაციული და მრავალფეროვანი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ უნახავთ. ბ-ნი მოსტაფავის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრა ღირსეულად განაგრძობს ქართული ირანისტიკის ასწლოვან ტრადიციას და დღეს საქართველოში ირანისტიკის ჭეშმარიტ ფლაგმანად გვევლინება. მან სტუდენტებს და კათედრის წევრებს ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა ნებისმიერ წამოწყებაში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თსუ-ში გამართული არაერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების მოწმე გახდება. „მიგულეთ თქვენს სამსახურში“, - დასძინა ირანელმა სტუმარმა. 

Print

« იხ. ყველა სიახლე