2015-07-10

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა  აგულაშვილმა მოაწერეს ხელი.
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სამინისტროს მიერ შერჩეულ სხვადასხვა ობიექტზე. ამ თანამშრომლობის საფუძველზე სამინისტრომ სარგებლობაში გადმოგვცა უნიკალური აპარატურა, რომელთა გამოყენებითაც ჩვენი სტუდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარგის მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბებას შეძლებენ“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ამ მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტი გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორიას გამოიყენებს როგორც სასწავლო მიზნებისთვის, ასევე ჩვენი საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ სხვა დარგებშიც და ვფიქრობთ, რომ ამ მემორანდუმის საფუძველზე ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა ლაბორატორიისა, წარჩინებულ სტუდენტებს ჩვენს სამინისტროში პრაქტიკის გავლისა და სტაჟირების შანსს მივცემთ“,- აღნიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა  აგულაშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სამინისტროსა და უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება; კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა/მოწყობის კუთხით თანამშრომლობა.    
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტს გადასცემს გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორიას დროებითი გამოყენების მიზნით; შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას გარემოსდაცვით საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თსუ უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას მემორანდუმის შედეგად დაგეგმილ ღონისძიებებში და საჯარო ლექციების ორგანიზებას სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებზე.





Print

« იხ. ყველა სიახლე