2012-09-14

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთა შორის თსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ, შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც  უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს   ულტიმატუმი: დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები, მიეცეთ საშუალება სტუდენტებს ისწავლონ თავისუფლად არჩეული საგნები და გადადგეს ანდრო ბარნოვი. შეხვედრის მსვლელობისას ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ  დიალოგისთვის არ არიან უნივერსიტეტში მოსული.
მანამდე აქციის ორგანიზატორმა „ლაბორატორია 1918“-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ღიად იყო ნათქვამი - ”დაუმორჩილებლობაში ვგულისხმობთ საკუთარი წესებით თამაშს, საკუთარი კანონებით მოქმედებას. მოქცევას არა უნივერსიტეტის შიდა განაწესის ან კანონების მიხედვით, არამედ ისე როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ სისტემა კეთილი ნებით არანაირ დათმობაზე წამოსვლას არ აპირებს, ამიტომ მზად ვართ მივმართოთ იძულებას, აგრესიას, იერიშს, გაფიცვას, საბოტაჟს, უნივერსიტეტის დაკავებას. მზად ვართ ნებისმიერ ფასად გავუწიოთ წინააღმდეგობა სისტემას, რომელიც თანდათან გვძირავს”. ადმინისტრაციული შენობის დარბევის და დაკავების შესახებ  მოწოდებები გაისმოდა ხმის გამაძლიერებელი საშუალებებით აქციის მონაწილეების შენობაში შესვლამდეც.  მოწოდებას თან ახლდა უცენზურო განცხადებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დიალოგი მუდმივი პროცესია. გასულ სასწავლო წელს რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა სტუდენტთა ყველა დაინტერესებულ  ჯგუფს. თუმცა, „ლაბორატორია 1918“-ს არ გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად არის სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მათი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილებაა.





Print

« იხ. ყველა სიახლე