2013-04-12

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს შორის

12 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ცენტრის დირექტორმა დავით მაისურაძემ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „თსუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც პენიტენციარულ სისტემაში პროგრესის შემომტანი იქნება. აქამდეც კარგი ურთიერთობა გვქონდა ამ სისტემასთან. თსუ ლექტორები მსჯავრდებულებისთვის კითხულობენ ლექციებს. დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტი მორგებულია არსებულ პრობლემებზე. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი პრევენცია ყოფილ მსჯავრდებულთა განათლება და დასაქმებაა.“
„დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის პროექტით ყოფილი მსჯავრდებულები იმ კვალიფიკაციას მიიღებენ და  იმ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რომელიც მათ დასაქმებაში დაეხმარებათ. დასაქმება არის ის პრევენცია, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა ცენტრის დირექტორმა დავით მაისურაძემ.
 ხელშეკრულების თანახმად, ყოფილი მსჯავრდებულების და განრიდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უნივერსიტეტი და ცენტრი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ; პროექტების განსახორციელებელად ერთობლივად მოიძიებენ დაფინანსების წყაროებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყოფილი მსჯავრდებულებისთვის და განრიდებულებისთვის პროფესიული გადამზადების პროგრამების შექმნას, რომელიც მათ დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებში გადამისამართდებიან ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლებული მსჯავრდებულები.

Print

« იხ. ყველა სიახლე