2010-06-15

II რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია თსუ

15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  II სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო  მიმართულების პროექტის "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში განხორციელდა. 

კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15–მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწიილეობდნენ.  რესპუბლიკურ კონფერენციაზე მოხსენებებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის და გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარსდგნენ. 

„მეცნიერება ის ენაა, რომელმაც შეიძლება დაარეგულიროს კონფლიქტი. ჩვენ გვსურდა, რომ სტუდენტებს ეთქვათ ახალი სიტყვა; მოგვესმინა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა გზით. კონფერენციისთვის შევარჩიეთ 100 მოხსენება და გვსურს გავუზიაროთ საზოგადოებას დღევანდელი თაობის ხედვა“, – აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა თამარ პაიჭაძემ.

II სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. „კონფერენციაზე წარმოდგენილია ინტერესების ფართო სპექტრი. საინტერესოა სტუდენტების აზრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში. საქართველო უნდა იყოს მაგნიტივით, რომელიც მიიზიდავს ყველა ერის წარმომადგენელს და დაანახებს მათ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თავისუფალი ქვეყანა მშვიოდობის პირობებში“, – განაცხადა თსუ–ს რექტორმა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე