2011-05-10

თანამშრომლობის მემორანდუმი იაპონიის რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრთან

10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თსუ–სა და სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ჰაიაშიზაკი იოშიდიმ მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია ერთობლივი გრძელვადიანი კვლევითი თანამშრომლობა, რომელიც მეცნიერთა შორის აქტიური კონტაქტების დამყარებას, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი ლექციებისა და სიმპოზიუმების გამართვას გულისხმობს“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად საკითხებს  გენეტიკა და გენომიკსი, მოლეკულური დიაგნოსტირების განვითარება და მათი პოტენციური გამოყენება წარმოადგენს. რიკენ ომიკსი ერთ–ერთი წამყვანი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრია იაპონიაში. ცენტრის ძირითად საქმიანობას გენომის, კერძოდ ცოცხალ ორგანიზმებში მოლეკულების ყოველმხრივ შესწავლასა და  კვლევას წარმოადგენს. გენომების სრულმა თანმიმდევრობამ (გენების სრული კომპლექტი ორგანიზმში) შესაძლებელი გახადა  სხვადასხვა ტიპის მოლეკულური მონაცემების ანალიზი. ომიკსის ცენტრის ფუნდამენტური კვლევების მიზანია დააკავშიროს აღნიშნული მოლეკულური მონაცემების ქსელი, რათა მოლეკულურ დონეზე ბიოლოგიური მოვლენების გაგება გაუმჯობესდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ უნივერსალურ სისტემურ ანალიზზე, სახელწოდებით „ცხოვრების შესახებ მეცნიერების ამაჩქარებელი“ (life science accelerator). ეს პროექტი წარმოადგენს ფართომასშტაბიან სისტემურ ანალიზს, რომელიც მოლეკულური ქსელის ახსნაში გვეხმარება. ჩვენ მას ვუწოდეთ ამაჩქარებელი, რადგანაც ის ააჩქარებს ცხოვრების შესახებ სამეცნიერო კვლევების ტემპს მთელს მსოფლიოში. გვსურს მსგავსი სიახლეები გავუზიაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს და გავზარდოთ მათი ჩართულობა“, – განაცხადა რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ჰაიაშიზაკი იოშიდიმ.




Print

« იხ. ყველა სიახლე