2012-09-18

საინფორმაციო შეხვედრა ბუნდესტაგის სტიპენდიების მოსაპოვებლად

18 სექტემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თსუ სტუდენტებთან 2013 წლისათვის გამოყოფილი ბუნდესთაგის (გერმანიის პარლამენტის) სტიპენდიების შესახებ. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოში გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, თსუ-ს ეწვია გერმანიის  პარლამენტის წევრი  ვიოლა კრამონ-თრაუბადელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ბრიგიტა შულცი და გერმანიის ბუნდესთაგის  ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვერნერ ბრაუნი.
ბუნდესტაგის სტიპენდია ყოველწლიურია და მასში 28 ქვეყანა მონაწილეობს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან იგზავნება მაქსიმუმ 5 სტიპენდიანტი, რომელსაც მოეთხოვება გერმანული ენის, გერმანიის პოლიტიკის, საზოგადოებისა და ისტორიის კარგად ცოდნა. პროეგრამის მონაწილე უნდა იყოს  თანამონაწილე ქვეყნის მოქალაქე და ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი. პროგრამას გერმანიის ბუნდესტაგთან ერთად ხელმძღვანელობს ბერლინის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბერლინის ჰუმბოლდის უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი.
პრაქტიკა გრძელდება 5 თვე. იწყება 1 მარტს და მთავრდება 31 ივლისს. სტიპენდიანტს აქვს ყოველთვიური სტიპენდია 450 ევრო, უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და სადაზღვეო პაკეტით. თითოეული სტიპენდიანტი მიმაგრებულია ერთ პარლამენტართან ან რომელიმე მინისტრთან. ისინი 5 თვის განმავლობაში ერთად მუშაობენ, ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, ხვდებიან ხალხს. გარდა პრაქტიკული მუშაობისა სტიპენდიანტებს აქვთ ლექცია- სემინარები. სტიპენდიანტებს არ მოეთხოვებათ სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების განათლება.

Print

« იხ. ყველა სიახლე