2013-03-22

სოლომონ ქურდიანის ხსოვნის საღამო თსუ-ში

22 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბოტანიკის კათედრის პირველი გამგის, დენდროლოგისა და ეკოლოგის, 1937 წელს რეპრესირებული პროფესორის სოლომონ ქურდიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, მოწვეული სტუმრები,  სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.  
„გარემოს დაცვა მნიშვნელოვანწილად მეცნიერულ კვლევებზეა დამოკიდებული, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გონივრულად მოვექცეთ ჩვენს ბუნებას. გამოცდილი მეცნიერების ნაშრომების გაცნობა, მათი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გარემოსდაცვითი სფეროსთვის აუცილებელია,“-აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვაზავამ.
თსუ ლექტორის გიორგი დვალაშვილის განცხადებით, „სოლომონ ქურდიანი უდიდესი მეცნიერია, რომელიც დაახლოებით საუკუნის წინ ეკოლოგიურ პრობლემებს სწავლობდა. მის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც გარემოს დაცვას, ბუნების შენარჩუნებას ითვალისწინებდა, დღესაც აქტუალურია.“
საღამოზე რევაზ გამცემლიძისა და მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „სოლომონის ბაღის“ პრეზენტაცია შედგა.
პროფესორ სოლომონ ქურდიანის კვლევები, ნაშრომები და პრაქტიკული საქმიანობა  ტყის დაცვის, გაშენებისა და ტყით სარგებლობის საკითხებს ეძღვნებოდა. მისი ეკოლოგიური მიდგომა და ექსპერიმენტით დადასტურებული დასკვნები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე ეს წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში იყო. სოლომონ ქურდიანის სიცოცხლე  საქართველოს ტყეების გადარჩენისათვის ბრძოლას შეეწირა. მის  შრომებს კარგად იცნობენ და აფასებენ საზღვარგარეთ და არ იცნობენ სამშობლოში. 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე