2015-04-06

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს  თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძლების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი, სერჟანტთა მომზადების ცენტრის კურსანტები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება არის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა, რომელიც რეალურად კარგა ხანია ხორციელდება და ამჯერად მას მხოლოდ ოფიციალური სახე ეძლევა. უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მასპინძლობა, რადგან სწორედ მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, თავდაცვისუნარიანობა, ხვალინდელი დღე. სერჟანტებს ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეს მემორანდუმი კი, დარწმუნებული ვარ, ორმხრივად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.“
„საინტერესო ურთიერთობა ჩამოყალიბდა სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტის ლექტორები საკმაოდ აქტუალურ თემებზე გვიკითხავდნენ ლექციებს. ჩვენც მოვაწყვეთ რამდენიმე ღია გაკვეთილი კოჯორში, ცენტრის ბაზაზე. სერჟანტებმა მსგავსი ურთიერთობების გაგრძელების საკმაოდ დიდი ინტერესი გამოავლინეს,“- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ.
მემორანდუმის მიზანია სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლება ლექცია-სემინარების ჩატარებითა და ურთიერთგაცვლითი ვიზიტებით, საერთაშორისო მისიებსა და კონფლიქტების თემებთან დაკავშირებული საკითხების უფრო სიღრმისეულად და დეტალურად შესასწავლად; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საგანმანათლებლო სექტორთან ინტეგრირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან, გაეცნონ საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილებასა და შესაძლებლობებს; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების და უნივერსიტეტის პერიოდული ურთიერთობის უზრუნველყოფა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სერჟანტთა მომზადების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობს ცენტრის როლსა და ფუნქციებს შეიარაღებული ძალების ერთიან სისტემაში; შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა შემადგენლობის როლს, მნიშვნელობასა და დანიშნულებას; ცენტრში არსებულ სასწავლო შეიარაღებასა და აღჭურვილობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების დაახლოების უზრუნველყოფას; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ისეთი საკითხების გაცნობას, როგორიცაა კონფლიქტოლოგია და კონფლიქტის მართვა; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სოციალური ფსიქოლოგიისა და მისი შემადგენელი ნაწილების კურსის გაცნობასა და სათანადო ტრენინგების ჩატარებას.
თსუ ლექტორები სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში მართვდნენ სემინარებს კონფლიქტის პრევენციის და მოგვარების საკითხებზე. სემინარზე განხილული იყო თემები, როგორიცაა კინფლიქტის წარმოშობის მექანიზმები, კონფლიქტის ესკალაციის და დეესკალაციის ხელშემწყობი ფაქტორები, კონფლიქტის პრევენციის და ტრანსფორმაციის სხვადასხვა მეთოდები.


Print

« იხ. ყველა სიახლე