2016-12-19

კონფერენცია “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და მის წინაშე არსებული გამოწვევები იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის თემა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ-ს პროფესორები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკარატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები და სტუდენტები. როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მისასალმებელია როდესაც ხდება იმ პრაქტიკის აკადემიური და სამეცნიერო შეფასება, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან მიმართებაში.

2017 წლის 1 იანვრიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საქმიანობაში სხვადასხვა სახის ცვლილებები გატარება იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა განხილვებში იურისტების ჩართვა. სწორედ ამ ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მორის შალიკაშვილმა. „დღემდე იურისტებს უფლება არ აქვთ როგორც ნაფიცმსაჯულს ისე მიიღონ მონაწილეობა პროცესში. ვფიქრობ, რომ ნაფიცმსაჯულად იურისტების ჩართვამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა ნაფიცმსაჯულებზე მათი ზეგავლენა. ამ შემთხვევაში უკვე სხვა ჩვეულებრივი ადამიანი იქნება დამოკიდებული იმაზე, დამნაშავის ბრალეულობა, არაბრალეულობის საკითხზე თუ რას იტყვის კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადამიანი -იურისტი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მხრივ, იურისტის მხრიდან გარკვეულ ზეგავლენას ჰქონდეს ადგილი ნაფიცმსაჯულების სხვა დანარჩენ შემადგენლობაზე.“-განაცხადა მორის შალიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ზოგადად, პრაქტიკა იხვეწება, მაგრამ არის გარკვეული გამოწვევებიც, არიან ამ თემის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც, თუმცა მიმაჩნია, რომ დახვეწის, განვითარების შემთხვევაში, ეს არის ის სამართლებრივი სივრცე, სადაც დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები კიდევ უფრო მყარად არის წარმოდგენილი.“

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაახლოებით 5-6 წლის წინ ამოქმედდა საქართველოში. ინსტიტუტის დამკვიდრების ძირითადი არსი მართლმსაჯულების განხორციელებაში ფართო მოსახლეობის ჩართვა იყო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დღემდე 23 საქმე განიხილა.

კონფერენცია “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე