2017-10-05

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა კილის უნივერსიტეტის (გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის პროფესორს, ალექსანდრე ტრუნკს. საპატიო დოქტორის წოდება გერმანელ პროფესორს თსუ  აკადემიური საბჭოს დადგენილებით მიენიჭა.  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

„საპატიო დოქტორის წოდება მივანიჭეთ გერმანელ პროფესორს ალექსანდრე ტრუნკს, რომლის კვლევის სფეროა საქართველო და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცე. როგორც პროფესორმა ტრუნკმა აღნიშნა, სამართლის მიმართულებით იწყება კვლევა, რომელშიც გერმანელ მეცნიერებთან ერთად, ქართველი მკვლევრები და სტუდენტები ჩაერთვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამით ბევრ ახალგაზრდას ეძლევა ინტენსიურ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის საშუალება“,- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
        
საპატიო დოქტორის წოდება უდიდესი და უმაღლესი ჯილდოა, რომელიც უნივერსიტეტმა შეიძლება მიანიჭოს უცხოელ მკვლევარს. მით უმეტეს, საპატიოა  ამ ჯილდოს მიღება უნივერსიტეტისგან, რომელსაც ვიცნობ და რამდენიმეწლიანი სამეცნიერო ურთიერთობა მაქვს. ეს არის ფართო აღიარება იმ მუშაობისა, რომელიც გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კილის უნივერსიტეტს შორის,“- განაცხადა ალექსანდრე ტრუნკმა.

ღონისძიების შემდეგ პროფესორმა  ალექსანდრე ტრუნკმა წაიკითხა საჯარო ლექცია: “შედარებითი სამართლის მიზნები და მეთოდები - განსაკუთრებით ქართული კონტექსტის განხილვით“.



Print

« იხ. ყველა სიახლე