2015-07-23
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის
![](/data/image_db_innova/PR-2/xelmocera.jpg)
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ეხსნებათ ახალი შესაძლებლობები და საშუალება ექნებათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გაიარონ პრაქტიკა. მომავალში ვგეგმავთ ერთობლივი სასწავლო პროგრამის განხორციელებას. საქართველოში პირველად ისწავლიან სტუდენტი-მედიკოსები სამედიცინო ფიზიკის მიმართულებაზე, მომზადდებიან ამ მიმართულების სპეციალისტები.“
„კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ოფიციალურად გახდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული ბაზა თსუ სტუდენტებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი, დედაუნივერსიტეტის ნაწილად ყოფნა დიდი პატივია ჩვენი კოლექტივისთვის. კლინიკის მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური პოტენციალი მოხმარდება სტუდენტი მედიკოსების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას,“- აღნიშნა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები აცნობიერებენ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას განათლების, სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანდაცვის დარგში, რაც წარმოადგენს მათ საერთო ინტერესს; მიზნად ისახავენ სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემას, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას; ინსტიტუტი წარმოადგენს უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზას საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში; მხარები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სტრუქტურის, სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
« იხ. ყველა სიახლე