2009-11-17

კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) დელეგაციის ვიზიტი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
 
16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კადისის უნივერსიტეტის (ესპანეთი) დელეგაცია ეწვია. დელეგაციას კადისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დიეგო სალეს მარკესი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ უმასპინძლა.
თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტს შორის 2009 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
თანამშრომლობის მიხედვით  კადისის უნივერსიტეტის დახმარებით ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები დაინერგება. ორი უმაღლესი სასწავლებელი თავის სტუდენტებს ერთობლივ კურსებს, სემინარებსა და  კონფერენციებს შესთავაზებს.
„კადისის უნივერსიტეტთან სახელმიწფო უნივერსიტეტმა ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება და ხორციელდება ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ამოქმედდება სტუდენტებისათვის გაცვლითი პროგრამები, ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივ დიპლომსაც გასცემს. ამასთან ერთად, დაგეგმილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ესპანური ენის ცენტრის გახსნა და ესპანური კულტურის დღეების ჩატარება“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულებისას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 20 ნოემბრამდე გასტანს. დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის, კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებთან გამართავენ. ოფიციალური შეხვედრების  შემდეგ დელეგაციის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს მოინახულებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.

Print

« იხ. ყველა სიახლე