2015-03-02
თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
![](/data/image_db_innova/PR/11045383_10152648194922233_3574789825868771334_n.jpg)
განათლების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 27-28 თებერვალს გაიმართა. გამოფენაზე თსუ ორიგინალური სტენდით წარსდგა.
გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით - თსუ-ს ბრენდირებული ატრიბუტიკით.
კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ფაკულტეტებზე არსებობს სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ-ს აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.
« იხ. ყველა სიახლე