2015-03-02

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთე წელია განათლების ფორუმზე საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში იმარჯვებს. გასული წლის მსგავსად, წელსაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის.
განათლების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა  საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 27-28 თებერვალს გაიმართა. გამოფენაზე თსუ ორიგინალური სტენდით წარსდგა.
გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით - თსუ-ს ბრენდირებული ატრიბუტიკით.
კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ფაკულტეტებზე არსებობს  სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ-ს აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.   
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  მოქმედებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე