2016-06-01

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეარაღებული ძალები“. გამოფენის ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, სტუდენტები, პროფესორები, იუნკერები დაესწრნენ.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის თქმით, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა, თუმცა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება მოაწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები ნებისმიერს დააინტერესებს და, რაც მთავარია, მეცნიერ-მკვლევართა შესწავლის საგანია. განსაკუთრებული მადლობა ნოე რამიშვილის შთამომავლებს, რომელთაც ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალა გადმოსცეს თსუ ბიბლიოთეკის ცენტრს.“

„პირველი რესპუბლიკის დროს გაკეთდა უამრავი რამ ძალიან ცოტა დროში. აქედან შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისწავლოთ, გამოცდილება გავიზიაროთ და აღვფრთოვანდეთ იმ ხალხით, რომლებიც ამ ყველაფერს სათავეში ედგა. დღევანდელი ღონისძიება ეხება თავდაცვის სამინისტროსაც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ის ექსპონატები, რომელიც უნივერსიტეტმა დღეს წარმოადგინა. იმედია მაქვს, რომ ეს არის ერთ-ერთი პროექტი სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის ძალიან გრძელ გზაზე,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის, სახალხო გვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფოტოები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

გამოფენასთან ერთად გაიმართა თსუ ისტორიის დოქტორანტის დიმიტრი სილაგაძის საჯარო ლექცია და მის მიერვე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია.

ღონისძიება თსუ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლისთავისადმი მიძღვნილი   კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე