2014-12-16

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის ბიზნესთან თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოში არსებობს ბიზნესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ტრადიცია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც „ვისოლია“. სასიამოვნოა, რომ საფუძველი ჩაეყარა საქმეს, რომელიც მომავალში უფრო გაფართოვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია თავად შეარჩევს სტუდენტებს, გასცემს მათზე სტიპენდიას ან დაასაქმებს. ეს სტუდენტები არა მარტო სწავლაში წარმატებულები, არამედ კრეატიულებიც იქნებიან და ახალ იდეებს შესთავაზებენ დამსაქმებელს.“
„კომპანია „ვისოლის“ წარმატება დაფუძნებულია საქმის კარგ ცოდნასა და განათლებაზე. ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორია სწორედ ასე შეიქმნა. ჩვენ დიდ   მნიშვნელობას ვანიჭებთ მოზარდების, სტუდენტების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია სტუდენტებს გავუჩინოთ ჯანსაღი მოტივაცია - წარმატების მიღწევა შესაძლებელია განათლებისა და მუშაობის პირობებში. დღეს შრომის ბაზარზე ორი პრობლემაა - უმუშევრობა და პროფესიონალი, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ვისაც სწავლის და მუშაობის სურვილი გააჩნია, მას ჩვენს კომპანიაში გზა ხსნილი აქვს. ჩვენ კი სტუდენტებს გავუზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას,“- აღნიშნა ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
თსუ-სა და ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის   გაფორმებული მემორანდუმის მიზანია „უნივერსიტეტის“ სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და „კომპანიისთვის“ მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, დამსაქმებელთან სტუდენტების დაახლოების, შრომის ბაზრისთვის მათი უკეთ მომზადების მიზნით, მხარეები პერიოდულად მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, სემინარებს. სასწავლო მიმართულებების ხელშეწყობისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით, „კომპანია“ თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებას და მის მიერვე ორგანიზებული კონკურსის საფუძველზე შეარჩევს  საკუთარ სტიპენდიატს. ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სახელობის სტიპენდია წელს გადაეცა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ორ სტუდენტს: ცოტნე ჩიქოვანს და გიორგი გურწიშვილს.

Print

« იხ. ყველა სიახლე