2012-03-12

ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრი სტუმრად თსუ-ში

12 მარტს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრი კანატ სადიკოვი ეწვია.   კანატ სადიკოვი თსუ-ის მაგალითზე გაეცნო საქართველოში განხორციელებულ განათლების რეფორმას. თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუმარს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები, სიახლეები, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები გააცნო: „ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრს აინტერესებს განათლების, კერძოდ, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები. მათ შორის, შიდასაუნივერსიტეტო საგამოცდო პროცესები.“ კანატ სადიკოვმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას აპირებენ. „ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი - პროგრამების რაოდენობა, აკრედიტაციის ევროსტანდარტების შესაბამისი სისტემა, სწავლების ტექნოლოგია, სტუდენტური ცხოვრება. ძალიან საინტერესოა კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან მიერთების ტენდენცია “- განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა.  ყირგიზი სტუმარი  იმ ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და საპენსიო პოლიტიკის სფეროებში ქართული გამოცდილების შესასწავლად ჩამოვიდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე