2011-03-18

“ევროპული ლიტერატურის” სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია თსუ–ში

18 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ევროპული ლიტერატურის” სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა და აღნიშნული პროგრამის თანახელმძღვანელმა ანა სონჩინიმ წარადგინა.

„აღნიშნული პროგრამის მიზანია დოქტორანტების მომზადება მულტიკულტურულ გარემოში. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, გაიაზრონ მათი ლიტერატურული ღირებულებები. პროგრამა მოამზადებს მომავალ პროფესიონალებს და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ვიმუშაო ქართველ სტუდენტებთან, რომელთა განათლების დონე ესოდენ მაღალია“, – აღნიშნა ანა სონჩინიმ.

ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა “ევროპული ლიტერატურა”  ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით ხორციელდება, კერძოდ, ბოლონიის (იტალია), სტრასბურგის (საფრანგეთი), თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტები და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნულ კონსორციუმს 2010 წლიდან შეუერთდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროგრამის ქართველი სტუდენტები სასწავლო და კვლევითი კომპონენტის გარკვეულ ნაწილს შეასრულებენ კონსორციუმის წევრ ქვეყანაში, მათ შესაძლოა მიენიჭოთ არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ შესაბამისი პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეზიარონ ევროპულ კულტურას, აიმაღლონ პროფესიონალიზმი და გახდნენ ევროპული კულტურის ღირსეული ნაწილი“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ღონისძიებაზე ბოლონიის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივებიც გააცნეს. პრეზენტაციას ტემპუსის ეროვნული ოფისის დირექტორი, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე