2016-12-01

გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტრიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა   გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში ჩართულ ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანია საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

,,ყველაზე  მთავარი გზავნილი ამ ღონისძიების არის პირდაპირი ბმა დამსაქმებელთან და დასაქმებულთან. თუ როგორ შეიძლება ინდუსტრია ჩაერთოს სწავლებაში კურიკულუმის შედგენის დონეზე; როგორ შეიძლება ეს კავშირები იყოს გამოსადეგი ახალგაზრდებისთვის - ეს იქნება სტაჟირების პროგრამა თუ  ნებისმიერი სხვა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში ჩართულია ბევრი უნივერსიტეტი, როგორც ქართული, ასევე უცხოური, ‘’ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ინდუსტრიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები მხარს უჭერენ თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ახალი სასწავლო კურსების, მოდულების შემუშავებას, არსებულის განახლებასა და სამცენიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. ასევე ხელს უწყობენ დასაქმების ბაზარზე საწარმოო პრაქტიკის მხარდაჭერით სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და  მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე