2010-04-30

კადისის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

29 აპრილს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების შემუშავებას, რომელიც გულისხმობს თბილისში  ესპანური სკოლის დაარსებას, ხოლო კადისში კავკასიური სასწავლო ცენტრის შექმნას.
ერთობლივ დოკუმენტს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ და კადისის უნივერსიტეტის რექტორმა  დიეგო სალესმა მოაწერეს. თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წლის სექტემბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებაა.   ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მიღწეული შეთანხმება  მიზნად ისახავს ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას და სტუდენტთა და პედაგოგთა ურთიერთგაცვლას. „კადისის უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი 100 სტიპენდიიდან გამოიყოფა თანხები, რომლითაც ათამდე ქართველი სტუდენტის სწავლება დაფინანსდება,“ – აღნიშნა დიეგო სალესმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის კადისში სტუმრობისას ასევე განიხილეს  ურთიერთთანამშრომლობის სხვა პროგრამებიც. სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება ესპანურენოვანი ცენტრის შექმნა და ესპანური ენის სკოლის დაარსება, სადაც ცოდნის გაღრმავება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ორივე ქვეყნის  აკადემიური განათლების სისტემის გათვალისწინებით ცენტრში  ყველა საგანი ესპანურ და ქართულ ენაზე წაიკითხება.
თანამშრომლობის ფარგლებში კადისის უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში კავკასიური სასწავლო ცენტრს გახსნის. კადისის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზღვაო მეცნიერებაში ბაკალავრისა და მაგისტრანტის წოდების მინიჭებაზეც იმუშავებს. ორი უმაღლესი სასწავლებელი თანამშრომლობას ზღვის ფლორისა და ფაუნის ათვისებაში, ენერგიის  ახალი წყაროების მოძიებასა  და არქეოლოგიური სწავლების განვითარებაშიც გეგმავს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე