2017-12-12

დათო მაღრაძის წიგნის „AVE, EVA!” წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის „AVE, EVA!” წარდგინება გაიმართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„წიგნის წარსადგენად შევარჩიე ჩემთვის მშობლიური უნივერსიტეტი. მშობლიურ გარემოში, მშობლიურ სივრცეში ყოველთვის უკეთ გრძნობს თავს ადამიანი, ამიტომაც  გადავწყვიტე, რომ პირველი წარდგენა ამ კედლებში გამართულიყო,“- აღნიშნა დათო მაღრაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები: პროფესორი პაატა ჩხეიძე, პოეტი და ლიტერატორი გერტ რობერტ გრიუნერტი, დოქტორი ნინო პოპიაშვილი.

„დათო მაღრაძე გამორჩეული უნივერსიტეტელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ცნობილი პოეტი მოდის და ამ კედლებში მართავს ლექსების კრებულის იუბილეს. „ავე ევა!“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ბოლოს შექმნილ ლექსებს აერთიანებს. დღეს არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ამბავი - ამ საღამოში მონაწილეობს  გერმანელი ქართველოლოგი გერტ რობერტ გრიუნერტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის, პოეზიის პოპულარიზების თვალსაზრისით. სწორედ, ამ დამსახურების გამო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იგი დააჯილდოვოს უნივერსიტეტის მედლით,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოება. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებისკენ,“-აღნიშნა ქართული პოეზიის ანთოლოგიის გერმანულ ენაზე მთარგმნელმა და გამომცემელმა გერტ რობერტ გრიუნერტმა. მისი თქმით, „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო მასპინძლის სტატუსით ყოფნა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. მოხარული ვართ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შეგვიძლია წარვადგინოთ ორი წიგნი. ერთი გახლავთ ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე, რომელიც სამასამდე თარგმნილ ლექსს მოიცავს და რაშიც შედის დათო მაღრაძის ლექსები. ასევე , საზოგადოებას ცალკე წარედგინება დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“, რომელიც რამდენჯერმე არის პრემირებული იტალიაში ევროპის სხვადასხვა ჯილდოთი.“

პრეზენტაციაზე გერტ რობერტ გრიუნერტმა და დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა წაიკითხეს დათო მაღრაძის ლექსებისა და პოემის გერმანული თარგმანები.

Print

« იხ. ყველა სიახლე