2014-10-26

შემოდგომის ლეგენდა 2014

25-26 ოქტომბერს კახეთში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" იმპროვიზაციული ტური და დაჯილდოების საღამო გაიმართა. კონკურსის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, იმპროვიზაციულ ტურში საუკეთესო ნაშრომი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა ქეთევან მეფარიძემ შექმნა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ნინო მოდებაძე და თამთა ქამუშაძე გახდნენ. სამივე გამარჯვებულს უნივერსიტეტისგან  1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი და კომპანია ჯეოსელის საჩუქრები გადაეცათ.
„ეს იყო ყველაზე საინტერესო კონკურსი, რაც მქონია ცხოვრების მანძილზე. ასეთ საგანგებო რეჟიმში არასდროს ვყოფილვარ, 12 საათში უნდა დამეწერა მოთხრობა. ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გავიდოდი, მაგრამ ჟიურის წევრებმა ისეთი რეკვიზიტები მოგვცეს, რომ შეიძლებოდა ძალიან თავისუფლად ბევრი რამის დაწერა. ძალიან ბევრჯერ გადავათეთრე, ბევრჯერ შევცვალე, ბევრჯერ წავიკითხე. ბოლოს მეგონა, რომ საერთოდ არც ღირდა რომ მიმეტანა, მაგრამ მაინც გავბედე და მივიტანე და ბედნიერი ვარ, რომ უარი არ ვთქვი ამ შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა ქეთევან მეფარიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეექვსედ ჩატარდა. 6 წლის განმავლობაში კონკურსის ორგანიზატორები დამწყებ მწერლებს სთავაზობენ გამოსცადონ თავიანთი ძალები იმპროვიზაციულ ტურში, სადაც გამოგონილი პერსონაჟების ქაღალდზე გადატანისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი. წელს ლეგენდას ილიას მთაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა. იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობა 10-მა ფინალისტმა მიიღო, რომლებმაც ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. წელს ჟიურის წევრები იყვნენ: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ბასა ჯანიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან გიგინეიშვილი და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ადამაშვილი.
წლევანდელი თემა ჟიურიმ კონკურსანტებს საგნების სახით მიაწოდა, ექვსმა წევრმა თითო ნივთი შეარჩია, საბოლოო ჯამში კონკურსანტების წინაშე აღმოჩნდა ჩემოდანი, რომელშიც ჩალაგებული იყო: დიქტოფონი, ბილეთები კულტურულ ღონისძიებაზე, აბები, გასაღები და წყლის პისტოლეტი.
„ძალიან კარგი წამოწყებაა, როდესაც სტუდენტები ერთვებიან ასეთ ღონისძიებაში. სამომავლოდ რამდენი ავტორი დარჩება ქართულ ლიტერატურას ეს არავინ იცის, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ისინი, ვინც იყვნენ ამ კონკურსის მონაწილენი, შეემატონ ქართულ ლიტერატურას. რამდენიმე გვარი მართლაც  საინტერესო იყო ჩემთვის, ტექსტები იყო ორიგინალური, ზოგ მათგანს უკვე აქვს თავისი ხელწერა, რაც ცოტა დასახვეწია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიფიქროთ ახალ იდეებზე  და ახალ ფორმებზე. ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა ახალგაზრდებში, რას წერენ, როგორ ფორმებს ეძებენ, იმიტომ, რომ თანამედროვე ლიტერატურა ბევრი ფორმის და ბევრი ახალი იდეის ნაზავია“, - განაცხადა ჟიურის წევრმა ბასა ჯანიკაშვილმა.
წელს კონკურსში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ. პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 268 კონკურსანტმა 20 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის ბათუმის, ქუთაისის, გორის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
„კონკურსის მიზანია მივაწოდოთ ახალი თაობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. ვცდილობთ წლიდან წლამდე განვავითაროთ კონკურსი, შემოვიტანოთ სიახეები და ინოვაციური მიდგომები, წელს დაიგეგმა რამდენიმე ლიტ.სემინარი, რომელმაც ხელი შეუწყო მწერლობის და ლიტერატურული ტექნიკის უკეთ გააზრებას, ვფიქრობთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდეთ და მომავალი წლიდან უფრო მეტი ლექციები და სემინარები შევთავაზოთ ფინალისტებს“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა ნინო კალანდიამ.
მასშტაბების ზრდასთან ერთად ლეგენდა არეალსაც აფართოებს, ყველას, ვისაც სურდა მონაწილეობა მიეღო კონკურსში შეეძლო ჩართულიყო ლეგენდის იმპროვიზაციული ტურის პარალელურად მიმდინარე ონლაინ მარათონში.
„წელს მარათონში 400 მონაწილე დაფიქსირდა, გამარჯვებული 10 ნოემბერს გამოვლინდება და მას კომპანია ჯეოსელისგან სპეციალური პრიზი გადაეცემა. ვფიქრობთ ძალიან საინტერესო ნაშრომები გველის“, - განაცხადა კომპანია ჯეოსელის წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ.
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია ბეჭდური და ონლაინ გამოცემა "ლიბერალი", რომელმაც გამარჯვებული ავტორის ნაშრომი - კუნძული „კოენე“ გამოაქვეყნა.

Print

« იხ. ყველა სიახლე