2015-04-29

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შსს-ს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის ინტერესშიცაა. უნივერსიტეტი უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებს ამზადებს, სახელმწიფო სამსახურები კი წარმოუდგენელია ამ კადრების გარეშე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაძლებლობა აქვს უკეთ გამოიყენოს ჩვენი პოტენციალი. ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებათ ამ მიმართულებით გარკვეული პრაქტიკა გაიარონ, რაც შეეხება სასწავლო კურსს - დასაწყისისთვის ის შეიძლება არჩევით საგნად დავნერგოთ.“
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო პრევენციის მიზნით საგანგებო სიტუაციების დროს სტუდენტების და უნივერსიტეტის თანამშრომლების  მზადყოფნის  ამაღლებას შეუწყობს ხელს. იგეგმება კატასტროფის დროს მენეჯმენტის საფუძვლების სწავლება. ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ მხარეზე გაკეთდება. ჩვენი კურსი ხელს შეუწყობს კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების დროს საჭირო უნარების ათვისებას,“-აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა
მემორანდუმის თანახმად, თსუ და საქართველოს შინაგან სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო  გამოხატავს ორმხრივ ინტერესს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე; შეიმუშავებენ სასწავლო კურსებს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მოამზადებენ სასწავლო პროგრამებს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, რეაგირების მოთხოვნების და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის მიზნით; სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი, საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლებენ შესაბამის პერსონალთან, აღმოუჩენენ მხარდაჭრას და განახორციელებენ შესაბამის აქტივობებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე