2016-07-15

თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რეგისტრირებული 44 კანდიდატიდან არჩეულია სენატის 33 ახალი წევრი, აქედან -12 სტუდენტი, და 21 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. ამომრჩეველთა აქტივობამ 10 % შეადგინა. თსუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა არც ერთი დარღვევა.

თსუ შვიდ ფაკულტეტსა და 14 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იყო  21 საარჩევნო უბანი და 28 781 ამომრჩეველი.

თსუ სენატის არჩევნებს 3 არასამთავრობო ორგანიზაციის („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრი“) წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.

„აქტიურად ვაკვირდებოდით არჩევნებს, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების აქტივობა“ -აღნიშნა საარჩევნო პროცესის დამკვირვებელმა ნათია თავზარაშვილმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“.

„არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ჩვენს დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ არც ერთი დარღვევა,“-განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით რეკვავამ.

არჩევნები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თსუ წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად ტარდება. ცვლილებების შესაბამისად სენატის შემადგენლობა განისაზღვრა 74 წევრით (არანაკლებ თსუ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის (36 წევრი) ორჯერ მეტისა).

სენატის არჩევნები თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების  ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე