2014-07-07

მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

7 ივლისს, 10.00 საათზე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება  რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში -ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ორთვინ ჰენიგი, საქართველოს და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.

პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად მისი ორგანიზატორები იყვნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა. ჩატარდა 2004 წელს და მისი თემატიკა ეხებოდა ჰადრონთა ფიზიკას. კონფერენცია აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული, გახდა ტრადიციული და ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი შეუშალა აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა.

2010 წელს კონფერენციის თემატური არეალი  მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მას   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge connecting people and knowledge).

კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინასების წყალობით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს ასრულებენ იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში. ახლო მომავლისთვის   წარმატებული დოქტორანტებისათვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მიცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.

წლევანდელ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ილიას უნივერსიტეტიც. კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. ამაზე მეტყველებს იულიხის კვლევითი ცენტრის 6 ინსტიტუტსა და რამოდენიმე უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი მონაწილეობაც ამ კონფერენციაში. უკვე ორი წელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბონის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ამ თანამშრომლობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდი. ახლახანს თანამშრომლობას შემოუერთდა ზიგენის (გერმანია) უნივერსიტეტი.

კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე




« იხ. ყველა ანონსი