2010-04-14

წარმატებული სავალუტო რეფორმის ავტორი სტუმრად საქართველოში

14 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვევა. თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი სტუდენტებს შეხვდება და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „წარმატებული სავალუტო რეფორმა, ანუ როგორ ჩამოყალიბდა ისრაელის ვალუტა მყარ ვალუტად“.
პროფესორი საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით სტუმრობს. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კონსულტაციას გაუწევს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში. ლეონარდო ლიდერმანი მონაწილეობას მიიღებს 15 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეხება „ეკონომიკის მდგრადი დაკრედიტების საკითხებს“ და ტარდება ეროვნული ბანკის, ევროპის განვითარებისა და რესტრუქტურიზაციის ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. პროფესორი   19-20 აპრილს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსაც დაესწრება. შეხვედრა  საბანკო ზედამხედველობის თემაზე ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპეციალისტებისათვის იმართება.
პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი 1951 წელს არგენტინაში (კორდობა) დაიბადა. პროფესორი უამრავი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოცემის ავტორია. მისი მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება ისეთი მიმართულებები როგორიცაა მაკროეკონომიკა; მონეტარული პოლიტიკა და თეორია; საერთაშორისო  ეკონომიკა, დოლარიზაცია.  პროფესორს ლიდერმანს გამოცემული აქვს წიგნები თემებზე: ინფლაციის თარგეთირება; მონეტარული პოლიტიკა და თეორია; გაცვლითი კურსის რეჟიმები; ინფლაციის სტაბილიზაცია ისრაელსა და ლათინურ ამერიკაში; ინფლაციის მოლოდინები და სხვა.
ლეონარდო ლიდერმანი სხვადასხვა დროს მუშაობდა: დოიჩე ბანკში განვითარებადი ბაზრების ეკონომიკის მმართველ დირექტორად; იყო ისრაელის ბანკის კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; თელ–ავივის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; სამეცნიერო საზოგადოების წევრი CEPR - ლონდონი; ისრაელის ბანკის უფროსი მრჩეველი; ისრაელის ეკონომიკის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი; თელ–ავივის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი; მიწვეული მეცნიერი საერთაშორისო მონეტარული ფონდის კვლევით დეპარტამენტში; მსოფლიო ბანკის მკვლევარი და კონსულტანტი;   მიწვეული ასოცირებული პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტში; ისრაელის ბანკის კვლევითი დეპარტამენტის მრჩეველი.
              

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge


« იხ. ყველა ანონსი