2015-12-02

თსუ - ში სტუდენტური კლუბი იხსნება

2 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ სტუდენტური კლუბი" გაიხსნება.  სტუდენტური კლუბი ა/ო „სამოქალაქო ინტეგრაციისა  და ეროვნებათშორისი ურთიერთობების  ცენტრის“ (CCIIR) პროექტის ფარგლებში შეიქმნა და  წარმოადგენს საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ერთ-ერთ კომპონენტს. პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

სტუდენტური კლუბი თსუ - ში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე  შეიქმნა და ის ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე.

გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი - ვლადიმერ პაპავა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, საქართველოს გაეროს ასოციაციის და ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე და სხვები.

"თსუ სტუდენტური კლუბის"  საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. კლუბი ითვალისწინებს მრავალი სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელებას, მათ შორის: თემატური ჯგუფების ჩამოყალიბებას - ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის, გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადვოკატირებისა და კვლევის, ასევე - კერძო სექტორთან თანამშრომლობის  მიმართულებით; ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგებისა და სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებას; კლუბი თავის წევრებს დახმარებას გაუწევს ფონდების მოძიებაში; მოამზადებს მათ, რათა მონაწილეობა მიიღონ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში; ივარაუდება ასევე კლუბის წევრების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაც და სხვა.

მისამართი: თსუ, ქ.წამებულის №55, მე-7 კორპუსი.
« იხ. ყველა ანონსი