2014-11-28

კონფერენცია გენდერის კვლევაში: სიმონ დე ბოვუარი - გენდერის აქტუალიზაცია

28 ნოემბერს, 09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში: სიმონ დე ბოვუარი - გენდერის აქტუალიზაცია.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალთა ინიციატიცა თანასწორობისთვის ინიციატივით იმართება.

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილ ფრანგ ფემინისტს და ფილოსოფოსს სიმონ დე ბოვუარს (1908-1986), მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ორგანიზაციამ ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის დაასრულა სიმონ დე ბოვუარის საეტაპო ნაშრომის „მეორე სქესი“ (1949) თარგმნა ქართულ ენაზე და კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდენენ და მოუსმინონ ნაშრომის მთარგმენლს - პროფესორ მზია ბაქრაძეს, თარგმანის ინიცატორს ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს და მოწვეულ სტუმრებს საფრანგეთიდან.

კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკვლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ბოვუარის იდეების, ბიოგრაფიის კვლევის შესახებ, ასევე მისი მოღვაწეობის მიმართებაზე ფემინისტური მოძრაობისა და თეორიის განვითარებასთან. კონფერენციის ფარგლებში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ასევე ისეთი კვლევები, რომლებიც უშუალოდ არ შეეხება სიმონ დე ბოვუარს და მის მოღვაწეობას, მაგრამ ახდენენ გენდერის როგორც ანალიტიკური კატეგორიის, ცნებათა და დამოკიდებულებათა სისტემის აქტუალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: genderequality@css.ge

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, ოთახი №101

« იხ. ყველა ანონსი