2010-03-19

თსუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების საყურადღებოდ! რეგიონული ფესტივალი ”თბილისი-2010”



“ხარისხი და პროფესია”- ვირტუალური ექსპო, პოსტერების პრეზენტაციები, საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფები, საერთაშორისო კონფერენცია “ცხოვრება ტურიზმის გზით-ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით  20 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით რეგიონული ფესტივალი ”თბილისი-2010” გაიმართება. პროექტის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  მედიახელოვნების ფაკულტეტი.   პროექტი ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვორქშოფი -“კულტურული იდენტიფიკაცია – ხედვის მრავალსახეობა”.

რეგიონული ფესტივალის ”თბილისი-2010”–ის ფარგლებში   საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფი - ინტერდისციპლინარული პროექტი სახელწოდებით “კულტურული იდენტიფიკაცია – ხედვის მრავალსახეობა” ჩატარდება. ვორქშოფის პრეზენტაცია 23 აპრილს გაიმართება.

ვორკშოპის მიზანია შემოქმედებითი აქტივობის გზით სახვადასხვა სახის  პერფორმანსის, ჰეფენინგის და კლიპის შექმნა, რომელშიც მხატვრული ფორმით წარმოჩენილი იქნება ქვეყნის კულტურის უნიკალურობა, თვითმყოფადობა და განუმეორებლობა, კულტურის ის განსაკუთრებულობა, რომლითაც ეს ქვეყანა, შეიძლება საინტერესო და მიმზიდველი იყოს ტურიზმის თვალსაზრისით.

სტუდენტური ვორქშოფი რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის  პროფესორის ანი კლდიაშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
18 და 19 აპრილს კონსულტაციები, ხოლო 20-22 აპრილის ჩათვლით სამუშაო პროცესი გაიმართება.


ვორქშოფი
“კრეატიული შიბორი”

რეგიონული ფესტივალი ” თბილისი-2010” „კრეატიული შიბორის“ ვორქშოფს უმასპინძლებს. ვორქშოფის მიზანია  ტექსტილის ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი მხატვრულ–ტექნოლოგიური მეთოდის  “კრეატიული შიბორის” საწყისი ეტაპის შესწავლა.   ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეების მიერ შესრულებული  ნამუშევრები  გობელენის მუზეუმში გამოიფინება (მისამართი შარდენის ქ.№19). ყველა საჭირო მასალა და ტექნიკური აღჭურვილობა  ვორქშოფის საფასურში შედის.
საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფის ხელმძღვანელია დიზაინის ფაკულტეტის  პროფესორი ქეთი ქავთარაძე.

ვორქშოფი ჩატარდება ტექსტილის სახელოსნოში: “la maison bleue”. მისამართი: ქ. თბილისი ბარნოვის ქ. №94.

ვორქშოფი
“ლოკალური დიზაინი და გლობალური დიზაინი”

რეგიონული ფესტივალის ” თბილისი-2010”–ის ფარგლებში გერმანელი პროფესორის ფრანკ იოახიმ გროსმანის ხელმძღვანელობით გაიმართება ვორქშოფი სახელწოდებით “ლოკალური დიზაინი და გლობალური დიზაინი”.
 ვორქშოფზე განიხილება დიზაინის კონტრასტი ლოკალურ არეებში და დიზაინის კონცეპციების გლობალური სტარატეგია. სტუდენტები განავითარებენ ამ იდეებს წიგნებში, პოსტერების სერიებში ან ვებ-გვერდებზე.



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვორქშოფი
“ქართული ფოლკლორული სიმღერა”

სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს შორის ინტერესი და აღფრთოვანება ქართული ფოლკლორული მუსიკის მიმართ დღითი-დღე იზრდება, რაც გამოწვეულია მისი ორიგინალურობით, მრავალფეროვნებით და უმაღლესი პოლიფონიურობით. 2001 წელს UNESCO–მ ქართული ფოლკლორული სიმღერა აღიარა, როგორც შედევრი კაცობრიობის ზეპირი და სულიერი მემკვიდრეობისა.
ვორქშოფის მიზანია მისცეს სტუდენტებს, მსენელს და მუსიკოსს პრაქტიკული ინფორმაცია ქართული ფოლკლორული სიმღერის შესახებ. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ  გაეცნონ პერფორმანსის თავისებურებებს და ტრადიციებს, ეზიარონ ქართული მუსიკალური კულტურის უნიკალურობასა და იდენტურობას.
ვორქშოფს  ასოცირებული პროფესორი, ქართული ფოლკლორული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნატო ზუმბაძე წარუძღვება.


ვორქშოფი-კლაუზურა
20 – 23 აპრილი,  2010, 10 საათი, ორი დღე  (5 საათი + 5 საათი)

კლაუზურა სრულდება ფორმატზე ზომით 0,80 ხ 0,60; შესრულების ტექნიკა თავისუფალი (ტუში, აკვარელი და ა.შ.).

კლაუზურის თემები:
  • თანამედროვე არქიტექტურა ქალაქის ისტორიულ განაშენიანებაში;
  • პირველი დასახლება მთვარეზე (სივრცე, რომელშიც ადამიანს შეუძლია იარსებოს-იმოქმედოს სკაფანდრის გარეშე).

კონკურსში მონაწილეობის უფლება  არქიტექტურული სკოლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და კურსდამთავრებულებს ეძლევათ.

კონკურსის ჟიური - თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ნოდარ ამაშუკელი, თსსა სრული პროფესორი არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ბათიაშვილი, თსსა ემერიტუსი აკადემიკოსი მერაბ ჩხენკელი,  თსსა ასოცირებული პროფესორი ნანა ქუთათელაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი გოჩა მიქიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნიკოლოზ შავიშვილი, რომელიც შეაფასებს საკონკურსო კლაუზურებს.
გამარჯვებულები  2010 წლის 22 აპრილს დასახელდებიან და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან.
 I ადგილი - 300 ლარი, II ადგილი - 150 ლარი, III ადგილი - 100 ლარი;   

კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 19 აპრილის ჩათვლით სამუშაო დღეებში 11:00-დან 16:00 საათამდე თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში.

კლაუზურას  თსსა სრული პროფესორი არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ბათიაშვილი უხელმძღვანელებს.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე (თსსა მაღლივი კორპუსის VIII – IX სართულებზე) 2010 წლის 21 და 22 აპრილს.


ვორქშოფების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:
ნინი ბუღაძე N_bugadze@yahoo.com, 877 750 024
« იხ. ყველა ანონსი